TDI

TDI მთავრობას: საქართველოში მცხოვრებ უსაბუთო მიგრანტებს აცრის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) უცხოელების ვაქცინაციასა და ინდოელ სტუდენტებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის N01-285/ო ბრძანებით, 22 ივლისიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოში მყოფ უცხოელებს, ისარგებლონ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ჩაიტარონ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა, ბრძანება ითვალისწინებს კონკრეტულ პირობებს და ის ვრცელდება მხოლოდ უცხოელ ბენეფიციართა გარკვეულ ჯგუფზე.

რეგულაციის მიხედვით, ვაქცინაციას ვერ შეძლებენ უსაბუთოდ მყოფი უცხოელები. 

"მიგრანტების ეს კატეგორია განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნება. საკუთარი სამართლებრივი სტატუსის გამო მათ ისედაც შეზღუდული აქვთ არაერთ სერვისზე წვდომა. გლობალური პანდემიის პირობებში კი მათი სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტი რისკის წინაშე დადგა. ვაქცინაციაზე წვდომის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის როგორც უსაბუთო მიგრანტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ისე შეიცავს ვირუსის გავრცელების რისკს". – წერს TDI. 

ამასთან, რეგულაციის მიხედვით, ვაქცინაციას ვერც ის უცხოელები შეძლებენ, რომლებიც საქართველოში კანონიერად იმყოფებიან, თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოში კანონიერად ყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და კვლავ შემოსვლა მოუხდათ. 

"მაგალითად, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებთანაც საქართველოს დაწესებული აქვს უვიზო მიმოსვლა და რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ. არაგონივრულია ამ პირების საქართველოში დროებით შემოსულ ტურისტებთან გათანაბრება, რადგან ისინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებიან საქართველოში და საზღვრის კვეთა ობიექტებური გარემოებების გამო – ქვეყანაში კანონიერად ყოფნის გახანგრძლივების მიზნით მოუხდათ". – წერია განცხადებაში. 

ამავდროულად, TDI-ის ცნობით, კვლავ უცვლელი რჩება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 15 აპრილიდან ამოქმედებული შეზღუდვა ინდოელი სტუდენტების მიმართ, რომელიც საქართველოში შემოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისით ხდის შესაძლებელს. მეორე მხრივ, ორგანიზაციის განცხადებით, ჩარტერული რეისები არ ან შეზღუდული რაოდენობით ორგანიზდება და სტუდენტები საქართველოში სასწავლებლად დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პანდემიის საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს: 

  1. 1. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოში მცხოვრებ უსაბუთო მიგრანტებს. გამოინახოს ვაქცინაციის იმგვარი ფორმა, რომელიც მიუხედავად საქართველოში ყოფნის სამართლებრივი სტატუსისა, დაუბრკოლებლად მისცემს მათ ვაქცინაციის შესაძლებლობას;
  2. 2. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოში კანონიერად მყოფ იმ უცხოელებს, რომლებმაც უახლოეს წარსულში ობიექტური მიზეზებით გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი;
  3. 3. მოიხსნას ინდოელი სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული პირობა და მათ მიეცეთ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვლის საშუალება. 

კომენტარები