TDI

TDI: საკონსტიტუციო სასამართლომ 9 რელიგიური გაერთიანების სარჩელი მიიღო იმპორტის გადასახადზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის TDI-ს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რელიგიური გაერთიანებების სარჩელი იმპორტის გადასახადზე. 

რელიგიური ორგანიზაციები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც  რელიგიური დანიშნულების საგნების უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებისას, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას  იმპორტის და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის ვალდებულებას აკისრებს

 მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავს:

"2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა საოქმო ჩანაწერი და ნაწილობრივ არსებითად განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი. მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავს.

კონსტიტუციური სარჩელით რელიგიური ორგანიზაციები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც  რელიგიური დანიშნულების საგნების უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებისას, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას  იმპორტის და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდის ვალდებულებას აკისრებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება. 

კერძოდ, სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის  159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი, 195-ე მუხლი და მე-11 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში.  საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც წარმოიშობა დღგ-ს გადასახადის გადახდის ვალდებულება იმპორტის დროს: ეს არის ნებისმიერი განსაზღვრული საგნის, მათ შორის რელიგიური საგნების იმპორტი. საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლი კი განსაზღვრავს, ვინ არის იმპორტის გადასახადის გადამხდელი: ეს არის ნებისმიერი პირი, მათ შორის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, მათ შორის რელიგიური დანიშნულების პროდუქციას. აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელიც, სხვა გადასახადებთან ერთად, თავისუფლდება იმპორტის დროს გადასახადებისგანაც (კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი).

სარჩელით აგრეთვე მოთხოვნილია საგადასახადო კოდექსში რელიგიური საქმიანობის განმსაზღვრელი ნორმის იმ შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც  რელიგიური საგნების იმპორტს რელიგიურ საქმიანობად არ განიხილავს. მოსარჩელეთა პოზიციით, ამით ირღვევა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის უფლება, ისე, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით უზრუნველყოფილი რელიგიის თავისუფლება. აღნიშნულ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც ასევე დისკრიმინაციულ პირობებს აწესებდა არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციებისთვის". - წერია TDI-ის განცხადებაში.

კომენტარები