ლიტერა 2021

მწერალთა სახლი: 110 წიგნიდან მოხსნილია 92 წიგნი, ლიტერა ამ ვითარებაში ვერ ჩატარდება

ლიტერატურული პრემია ლიტერა წელს აღარ ჩატარდება - ამის შესახებ განცხადება მწერალთა სახლმა გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან გამომცემლობებისა და ავტორების განცხადებების საფუძველზე მოხსნილია 92 წიგნი, რაც შეუძლებელს ხდის კონკურსის ჩატარებას.

"ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა   მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92  წიგნი.

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის ლიტერას ჩატარება.

მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის", - წერია განცხადებაში.

ლიტერატურული პრემია ლიტერა 2015 წელს მწერალთა სახლის ინიცირებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. წელს, 2021 წელს, სამინისტრომ ჟიურის დაკომპლექტების წესი შეცვალა და პრემიის ისტორიაში პირველად 5-კაციან ჟიურიში ერთი ადამიანი - იოსებ ჭუმბურიძე თავად წარადგინა.

"მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია". – წერია განცხადებაში.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა მწერლებსა და ჟიურის წევრებს შორის. შესაბამისად, ჟიური დატოვა ოთხივე არჩეულმა წევრმა - რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა, ოქტაი ქაზუმოვმა და ბელა წიფურიამ.

კომენტარები