ლიტერა 2021

არტისტების შემდეგ, ლიტერა ჟიურის წევრმა – რეზო თაბუკაშვილმაც დატოვა

17 არტისტის ბოიკოტის შემდეგ ლიტერატურული კონკურსი ლიტერა ჟიურის წევრმა, რეზო თაბუკაშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ეხლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.  მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა. 

ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.

პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი", - წერს თაბუკაშვილი.

ლიტერატურული პრემია ლიტერა, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ტარდება, უკვე 15-მა მწერალმა და ორმა დიზაინერმა დატოვა. ამის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და მისი გადაწყვეტილებაა.

დღეს, 29 ივლისს, მწერალთა სახლმა ჟიურის 5-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ არის დანიშნული.

კომენტარები