ლიტერა 2021

ლიტერა ჟიურის მეორე წევრმა, ლელა კოდალაშვილმაც დატოვა

17 არტისტისა და რეზო თაბუკაშვილის შემდეგ, ლიტერატურული კონკურსი ლიტერა ჟიურის მეორე წევრმა, ლელა კოდალაშვილმაც დატოვა.

კოდალაშვილი წერს, რომ ჟიურიში დარჩენით ის უნებურად გაემიჯნებოდა იმ მწერლებს, რომლებმაც კონკურსი დატოვეს და რომელთა პოზიცია მას სწორად მიაჩნია.

"მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, მეც ვტოვებ ლიტერას ჟიურის. თავიდან, როცა გავიგე, რომ ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა, ჩემებური უტოპისტური განწყობა ჩამერთო, რომ დანარჩენი 4 წევრი ამ კაცს მოვათვინიერებდით და  ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებდით.  მთელი სტრატეგია დავსახე,  სქემები შევადგინე, რაზე რის მერე უნდა მესაუბრა მასთან, როგორ დამეყოლიებინა, შემება რა...

ახლა კი, როცა მწერლები ასეთი ტემპით  ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ. თუმცა არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად", - წერს ლელა კოდალაშვილი.

ლიტერატურული პრემია ლიტერა, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ტარდება, უკვე 15-მა მწერალმა და ორმა დიზაინერმა დატოვა. ამის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და მისი გადაწყვეტილებაა.

დღეს, 29 ივლისს, მწერალთა სახლმა ჟიურის 5-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ არის დანიშნული.

კომენტარები