ისრაელი-ირანი

ისრაელი ირანს არაბეთის ზღვაში ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი
EPA

ისრაელი ირანს არაბეთის ზღვაში ნავთობის ტანკერზე, MV Mercer Street-ზე თავდასხმაში ადანაშაულებს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი, დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის მოქალაქეები დაიღუპნენ.

ინციდენტი 29 ივლისს, არაბეთის ზღვაში, ომანის სანაპიროს ახლოს მოხდა. ტანკერი ლონდონში დაფუძნებული კომპანია Zodiac Maritime-ისთვის მუშაობდა. Zodiac Maritime ისრაელის კომპანიას, გადაზიდვების მაგნატს Eyal Ofer-ს ეკუთვნის. 

ნავთობის ტანკერი ტანზანიიდან არაბთა გაერთიანებული ემირატებისკენ მიემართებოდა. Zodiac Maritime-ის თანახმად, თავდასხმის დროს ტანკერს ტვირთი არ გადაჰქონდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავდასხმაში "ირანული ტერორიზმი" დაადანაშაულა.

"ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა. მსოფლიო არ უნდა იყოს ჩუმად". – თქვა იაირ ლაპიდმა.

ისრაელის ბრალდებასთან დაკავშირებით ირანს კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისოს საზოგადოებას მკაცრი პასუხისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კონსულტაციები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დომინიკ რააბთან, დაწყებული იყო. ლაპიდის თქმით, ისრაელი ამ საკითხს ასევე გაერო-ში დააყენებდა. 

MV Mercer Street-ზე თავდასხმა სატელეფონო საუბარში განიხილეს იაირ ლაპიდმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. ლაპიდი და ბლინკენი შეთანხმდნენ, რომ თავდასხმის გამოძიებაში დიდ ბრიტანეთთან, რუმინეთთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლებდნენ და შემდგომ ნაბიჯებს ერთად გადაწყვეტდნენ.

ტანკერზე თავდასხმას დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სამმართველო იძიებს.

კომენტარები