შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კრამონი ანულირებაზე: გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხი ყველაზე მეტად დაზარალდება

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

"გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხი ყველაზე მეტად დაზარალდება". - წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებაზე. 

კრამონი ეთანხმება სენატორი რიშის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოცნების გადაწყვეტილება "ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა და მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა – ქვეყნის". 

"სიმართლეა. სამწუხაროდ, სიმართლეა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაშიც, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ამ დრომდე არ უერთდება. მათ ქართულ ოცნებას გაუმარტივეს, ხელმოწერა ანულირებულად გამოეცხადებინათ. კიდევ უფრო მეტად სიმართლეა, რომ ქართველი ხალხი ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად დაზარალდება". - წერს კრამონი. 

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.  

კომენტარები