შარლ მიშელის შეთანხმება

ხაბეიშვილი: კობახიძის განცხადებით ქართულმა ოცნებამ რიგგარეშე არჩევნები დააანონსა

"ქართულმა ოცნებამ რიგგარეშე არჩევნები დააანონსა". – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით. 

"კობახიძის განცხადებით, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადეს. პირდაპირ დაადასტურეს, რომ 43%-ის კი არა, 30%-ის აღების შესაძლებლობაც კი არ აქვთ და ამას შიდა კვლევები, რომელიც მათ აქვთ და ხელში უჭირავთ, ცხადია, აჩვენებს. დღევანდელი განცხადებით დაადასტურეს, რომ ისინი 43%-იან ნიშნულს ვერც კი მიუახლოვდებიან. ისინი აღიარებენ, რომ ქვეყნის მართვაში ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვთ, განსაკუთრებით, უკანასკნელ პერიოდში ეს დადასტურებულად მოხდა, იმდენად ცხადად, რომ დღეს მოუწიათ ამ განცხადების გაკეთება. 

[...] ეს, ფაქტობრივად, რიგგარეშე არჩევნების დაანონსებაა, ქართულმა ოცნებამ, კობახიძემ, დღეს ამ განცხადებით რიგგარეშე არჩევნები დააანონსა, ოღონდ, დღეს ზეწოლის მექანიზმების ბერკეტები დაიტოვა. ხედავენ, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის - ფიქრობენ, რომ 43%-ს ვერ აიღებს ოცნება ვერავითარ შემთხვევაში, ამიტომ, ვისაც უნდათ, იმას მისცემენ ხმას და ოცნება მეორე დღეს ვერაფერს ვერ მოსთხოვთ. ეს დაიტოვა ქართულმა ოცნებამ - რომ უთხრან, ხელისუფლებაში დავრჩებით, 20%-იც რომ ავიღოთო". – ამბობს ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.  

19 აპრილს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

კომენტარები