აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

ბაიდენი: ვფიქრობთ, თუ ნამდვილ ომში აღმოვჩნდებით, ეს კიბერშეტევების გამო მოხდება

ჯო ბაიდენი
Patrick Semansky/AP

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თუ აშშ ნამდვილ ომში აღმოჩნდება, ეს, შესაძლოა, კიბერშეტევების შედეგი იყოს.

"ვფიქრობ, რომ თუ დიდ მსოფლიო ძალასთან ნამდვილ ომში აღმოვჩნდებით, ეს იქნება კიბერშეტევის გამო". – თქვა ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში ვიზიტისას.

კიბერუსაფრთხოება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. განსაკუთრებით, ბოლო ნახევარი წლის მანძილზე. მსხვილი კიბერშეტევები განხორციელდა SolarWinds-ის კომპანიაზე, რამაც გავლენა იქონია როგორც კერძო კომპანიებზე, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაზე. კიბერშეტევები განხორციელდა აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, Colonial Pipeline-ზე და ხორცის უმსხვილეს მწარმოებელზე JBS-ზე, ასევე კომპანია Kaseya-ზე

16 ივნისს ჟენევის სამიტზე ბაიდენის და პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კიბერშეტევები იყო. ბაიდენმა პუტინს გააცნო კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების სია, რომელსაც აშშ ხელშეუხებლად მიიჩნევდა და რომელზეც კიბერშეტევა არ უნდა განხორციელებულიყო.

თეთრი სახლის თანახმად, ჟენევის სამიტის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების გუნდი კიბერშეტევებთან დაკავშირებით მუდმივად ეკონტაქტება კრემლის წარმომადგენლებს.

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებს. ბაიდენის თქმით, სი ძინპინი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი, ჩინეთი გახდეს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა მსოფლიოში და უდიდესი ეკონომიკა 2040-იანი წლების შუა პერიოდისთვის.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ჩინეთს Microsoft-ის სერვერებზე მასშტაბურ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ. ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც შეტევა ჩინეთის ტერიტორიიდან მოხდა, პირველმა ევროკავშირმა გაავრცელა. დიდი ბრიტანეთის თანახმად, კიბერშეტევის უკან სამთავრობო აქტორები დგანან. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები