აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

ჰაკერები გამოსასყიდად 1 500-მდე კომპანიისგან რეკორდულ $70 მილიონის ბიტკოინს ითხოვენ

რუსული ჰაკერული დაჯგუფება REvil მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის გამოსასყიდად 70 მილიონი დოლარის ბიტკოინს ითხოვს.

კიბერთავდასხმა ამერიკულ კომპანია Kaseya-ზე განხორციელდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1 500-მდე ბიზნესსა და კომპანიას აწვდის პროგრამული მომსახურების სერვისებს.

$70-მილიონიანი გამოსასყიდი ჰაკერული თავდასხმების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. დაჯგუფების ანონიმური წარმომადგენლის განმარტებით, ფასსა და პირობებზე მოლაპარაკება შესაძლებელია.

Kaseya-ს თავდაცვით სისტემაში შეღწევის შემდეგ, ჰაკერებმა მისი სერვისების მომხმარებელი კომპანიების კომპიუტერული სისტემების პარალიზება შეძლეს.

REvil რუსი ჰაკერების გაერთიანებაა, რომლის ძირითად საქმიანობას დაუცველი სისტემების პარალიზება და გასაღების სანაცვლოდ გამოსასყიდის მოთხოვნა წარმოადგენს.  

გამოსასყიდის გადახდის შემთხვევაში, REvil პირობას იძლევა, რომ დაზარალებული პირები სპეციალურ ციფრულ გასაღებს მიიღებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება კომპიუტერული ვირუსის გათიშვა და დაშიფრული ფაილების გახსნა.

პარალიზების გარდა, ჰაკერები საიდუმლო ფაილებისა და სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროებითაც იმუქრებიან.  

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ივნისში REvil-ის თავდასხმის სამიზნე მსოფლიოს უმსხვილესი ხორცის მწარმოებელი კომპანია JBS გახდა, რომელმაც გამოსასყიდის სახით 11 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადაიხადა.

კრიპტოვალუტა ჰაკერებისა და კრიმინალების რჩეული გადახდის საშუალებაა, რომელიც მათ შეტევის შედარებით უსაფრთხოდ განხორციელების საშუალებას აძლევს, რაც ბიტკოინის ფსევდონიმურობითა და ქსელის კრიპტოგრაფიული დაცულობითაა განპირობებული.

Kaseya-ს წარმომადგენლების განმარტებით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის სადაზვერვო და უსაფრთხოების დეპარტამენტებთან და ამჟამად არ ადასტურებენ გადაიხდიან თუ არა რეკორდულ გამოსასყიდს.


2021 წლის მაისში მსგავსი ჰაკერული თავდასხმა მოხდა აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, რის შედეგადაც ქვეყანაში რამდენიმე დღის მანძილზე საწვავის მიწოდება სერიოზულად იყო შეფერხებული, გაიზარდა საწვავის ფასებიც. ამ თავდასხმასაც რუსეთში მყოფ ჰაკერულ ჯგუფთან, DarkSide-თან, აკავშირებდნენ.

მილსადენის კომპანიამ, Colonial Pipeline-მა საბოლოოდ 5 მილიონ დოლარიანი გამოსასყიდი გადაიხადა.

FBI-მ კოლონიური მილსადენის ჰაკერებისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი $5 მილიონის ღირებულების ბიტკოინიდან $2.3 მილიონი უკან დაიბრუნა

აშშ-ს მთავრობის რეკომენდაციაა, კომპანიებმა მსგავს შემთხვევებში გამოსასყიდი არ გადაიხადონ, რადგან ამან შეიძლება მომავალში მსგავსი თავდასხმები წაახალისოს.

კომენტარები