რუსეთი

სოჭში, კერძო სანაპიროზე, დამსვენებლებს ფასიან სამაშველო მომსახურებას სთავაზობდნენ

რუსეთში, სოჭში ერთ-ერთ კერძო სანაპიროზე დამსვენებლებს ფასიან სამაშველო მომსახურებას სთავაზობდნენ. გამოცემა Югополис-ის თანახმად, სანაპირო სერფინგ-ბაზის Voda-ს ტერიტორიაზე ოთხვარსკვლავიან სასტუმროსთან მდებარეობს.

ერთ-ერთმა დამსვენებელმა ამ სანაპიროსთან გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს კერძო, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შესვლა დღეში 3500-7000 რუბლი (147-294 ლარი) ღირს. ფასი დამოკიდებულია სანაპიროზე განთავსების ადგილზე. მომსახურებების სიაში ასევე მითითებულია "გადარჩენა წყალში" - 800 რუბლი (34 ლარი).

სერფინგის ბაზის Voda-ს წარმომადგენლებმა მედიასთან საუბარში თქვეს, რომ "ეს ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ მომსახურების ფასების სია შეცდომა იყო.

"სერფინგის ბაზას არ აქვს კავშირი ადამიანების გადარჩენასთან. მოცურავეთა გადარჩენაზე პასუხისმგებელი სანაპიროს მაშველები არიან. [სამაშველო სამსახური] რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად უფასოა. მომსახურება "გადარჩენა წყალში" სერფინგის ბაზას არ აქვს". – თქვეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ცენტრი აღნიშნავს, რომ მარკეტოლოგი, რომელმაც "არასწორი განცხადება" შეადგინა, სამსახურიდან გათავისუფლებულია, ტაბლოს მომსახურების ფასების სიით კი განადგურებული.

ინციდენტს გამოეხმაურა სოჭის ადმინისტრაცია.

"საინფორმაციო ტაბლო დამატებითი მომსახურებების ფასებით, რომელმაც კურორტის სტუმრების აღშფოთება გამოიწვია, ჩასწორებულია". – უთხრეს ქალაქის მერიაში RIA Novosti-ის.

მომსახურების ახალი სიაში "გადარჩენა წყალში" აღარ არის. მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ სანაპიროს მოიჯარესთან ისაუბრეს და აუხსნეს, რომ ზღვასთან თავისუფალი წვდომის შეზღუდვა დაუშვებელია.

ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ფასიანი სამაშველო მომსახურების შეთავაზება რამდენიმე თანამშრომლის არაპროფესიონალიზმის შედეგია.

"ამჟამად სერფინგის ბაზის Voda-ს მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სარეკლამო პროდუქციის დამზადებაზე, გათავისუფლებულია. ტაბლო მასში დაშვებული შეცდომით და ფორმულირებით კი განადგურებული". – ამბობს მერიის პრესსამსახური.

კომენტარები