არჩევნები 2021

თალაკვაძე პლაკატებზე: შეიძლება, მომავალში კიდევ გამოჩნდეს და ეს გააკეთოს ენმ-მაც

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს ეხმაურება. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პლაკატები მომავალში კიდევ გამოჩნდეს, და ეს, შესაძლოა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთოს.

"ჩვენი საარჩევნო ვიზუალური მასალა და პლაკატები არის უკვე ქალაქში, სადაც ჩვენი კანდიდატი და თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი, კახა კალაძეა გამოსახული. ჩვენი პლაკატები არის ეს პლაკატები, სადაც ჩანს ქართული ოცნების სიმბოლიკა, სადაც ჩანს ჩვენი კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ამ პლაკატებზეა მოცემული. 

რაც შეეხება ასეთი ტიპის პლაკატებს, რომელიც არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამაც და ვხედავთ, რომ მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები წინა დღეებში აკრავდნენ პლაკატებს, რომლებიც ხელს უწყობდა ამ პოლარიზაციას და დაპირისპირებას". – თქვა არჩილ თალაკვაძემ იმედის ეთერში.

"არა ნაცებს, არა ბოროტებას!" – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა. მათ თბილსერვის ჯგუფი ჩამოხსნის და კანონდამრღვევთა დასაჯარიმებლად მუნიციპალური ინსპექცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები