კრიპტოვალუტა

JPMorgan-ი პირველი ბანკია, რომელმაც კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენის საშუალება მისცა

ფოტო: Bitcoin.com

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan Chase & Co-მ კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენისა და შენახვის საშუალება მისცა. 

Business Insider-ის ცნობით, ახალი სერვისის შესახებ ბანკის უმდიდრეს მომხმარებლებს ინფორმაცია ერთი კვირის წინ მიუვიდათ. 

საწყის ეტაპზე მათ წვდომა ხუთამდე კრიპტოაქტივთან ექნებათ, მათ შორის: ბიტკოინთან, ეთერიუმთან, ბიტკოინ ქეშთან და ეთერიუმ კლასიკთან. 

1871 წელს დაარსებული JPMorgan-ი ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ბანკია, რომელიც 4 ტრილიონ დოლარამდე აქტივებს აკონტროლებს. მისი მომხმარებლების სიაში კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები და კომპანიები არიან. 

საინტერესოა ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი დაიმონის დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ. 

2017 წელს მან არაერთხელ თქვა, რომ ბიტკოინი თაღლითობაა და მას არავითარი ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნია.
2021 წელს კი მისი დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ მკვეთრად შეიცვალა, რადგან, მისი განმარტებით, "ინვესტორებს შორის კრიპტოაქტივების მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა". 

2021 წლის მარტში JPMorgan-ის უმდიდრეს კლიენტებს, რომელთა საბანკო ანგარიშები $10 მილიონიდან იწყებოდა, გაეგზავნათ საინფორმაციო ანგარიში, რომელშიც ახსნილი იყო, თუ რას წარმოადგენს კრიპტოვალუტა, ბლოკჩეინ ტექნოლოგია და რამდენად მომგებიანი იქნება მასში ინვესტირება. 

გარდა ზოგადი ინფორმაციისა, ანგარიშში JPMorgan-ის ანალიტიკოსები ბიტკოინის სამომავლო ფასებსაც ვარაუდობდნენ. 

ერთ-ერთი მოდელის თანახმად, მომდევნო ათწლეულში ბიტკოინის ფასს 540 000 დოლარის მიღწევის შანსი აქვს. მეორის მიხედვით კი – 1.9 მილიონი დოლარის. 

ექსპერტების ვარაუდით, კრიპტოვალუტის აქტივების ახალ კლასად მიღებაზე მუშაობენ სხვა უმსხვილესი საინვესტიციო ბანკებიც, კერძოდ, Goldman Sachs, Bank of America და BNY Mellon. 


2021 წლის მარტში Morgan Stanley გახდა მსოფლიოში პირველი ბანკი, რომელმაც მომხმარებლებს ბიტკოინის შეძენის საშუალება მისცა. 

Morgan-ის ბიტკოინის ფონდში ინვესტირების საშუალება მხოლოდ იმ კლიენტებს მიეცათ, რომელთა საბანკო ანგარიში მინიმუმ 2 მილიონ დოლარს შეადგენს და რომლებიც მაღალი რისკის მიმართ ტოლერანტობით გამოირჩევიან. 

კომენტარები