მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, JPMorgan Chase & Co.-მ თავის უმდიდრეს ინვესტორებსა და მომხმარებლებს გაუგზავნა საიდუმლო საინფორმაციო ანგარიში, რომელშიც ახსნილია, თუ რა არის კრიპტოვალუტა, რამდენად მომგებიანი იქნება მასში ინვესტირება და რა პოტენციურ ფასებს ვარაუდობს ბანკი.
საინფორმაციო ანგარიში გაეგზავნათ JPMorgan-ის მხოლოდ უმდიდრეს მომხმარებლებს, რომელთა საბანკო ანგარიში მინიმუმ 10 მილიონი დოლარიდან იწყება.
ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების შესახებ. გარდა ამისა, JPMorgan-ი მომხმარებლებს ბიტკოინის პოტენციური ფასის შესახებაც ვარაუდებს უზიარებს. ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულია 3 მოდელი:
- მეტკალფის მოდელით ვარაუდის შემთხვევაში ბიტკოინის ფასი მომხმარებლების რაოდენობის კვადრატის ტოლი უნდა იყოს, ანუ ერთი ბიტკოინი 21 667 დოლარი უნდა ღირდეს.
- თუკი ოქროს საბაზრო კაპიტალიზაციას შევაფარდებთ ბიტკოინის მაქსიმალურ მიწოდებასთან [11 ტრილიონი / 21 მილიონი], ერთი ბიტკოინის ფასი 540 814 დოლარი უნდა იყოს.
- ფულის გლობალური ღირებულების ბიტკოინის მიწოდებასთან შეფარდებით ერთი ბიტკოინის ფასი, შესაძლოა, 1.9 მილიონი დოლარი გახდეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 50 000 დოლარია.
2021 წლის თებერვალში JPMorgan-ის პრეზიდენტმა, დანიელ პინტომ თქვა, რომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, კრიპტოვალუტაზე საკმარისი მოთხოვნა ჯერაც არ არის, თუმცა, ვარაუდობს, რომ ის მომავალში ოდესმე გაჩნდება.
JPMorgan-ის იანვარში გავრცელებული ვარაუდით, ბიტკოინის ფასმა, შესაძლოა, 150 000 დოლარს გადააჭარბოს.
პინტოს სიტყვებსა და JPMorgan-ის ოფიციალურ ვარაუდს ინვესტორების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
მათი თქმით, JPMorgan-ი ხელოვნურად ფარავდა რეალურ მოთხოვნას და ამით თავის უმდიდრეს მომხმარებლებს სარფიანი ინვესტიციის განხორციელებისათვის აძლევდა დროსა და საშუალებას.