ისრაელი

მესამე დოზის დამტკიცების შემთხვევაში, PFIZER-ი ისრაელს დოზებს მომენტალურად მიაწვდის

The Times of Israel

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის მთავრობამ საიდუმლოდ გააფორმა Pfizer-BioNTech-თან შეთანხმება. შეთანხმების მიხედვით, თუკი ისრაელი მოსახლეობისთვის მესამე, ბუსტერ დოზით აცრას დაუშვებს, კომპანია მათ Pfizer-ის ვაქცინებს მომენტალურად მიაწვდის. 

ებრაულ არხ Channel 13-ზე თქვეს, რომ მოლაპარაკებები რეგულარულად მიმდინარეობდა ჯანდაცვის სამინისტროსა და Pfizer-BioNTech-ის წარმომადგენლებს, ასევე, უშუალოდ პრემიერმინისტრ ნაფთალი ბენეტსა და კომპანიის დირექტორ ალბერტ ბურლას შორის. 

ამჟამად ისრაელი Pfizer-ის დოზებს აგვისტოს დასაწყისში, ხოლო უფრო დიდ მარაგს ოქტომბერში ელოდება. 

გასულ კვირას, უცხოური მარეგულირებელი სააგენტოების თანხმობის არქონის მიუხედავად, ისრაელმა მესამე, ბუსტერ დოზით აცრა დაამტკიცა იმ პაციენტებისთვის, ვისაც იმუნური სისტემა რთულ მდგომარეობაში აქვს. მაგალითად, მესამე დოზის გაკეთება შეუძლიათ მათ, ვისაც გულის, ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტატები აქვთ. 

ისრაელის ტელევიზიის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ 60 წელს გადაცილებულებში მესამე დოზით აცრა დაუშვას, იქამდე, ვიდრე ამას აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია დაამტკიცებს. 

ბუსტერ დოზების დამტკიცების შესაძლებლობა ეყრდნობა იალეს უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, მესამე დოზის დამატების შემდეგ Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობა იზრდება. 

ისრაელში, დელტა ვარიანტის გავრცელების შემდეგ, Covid-19-ის შემთხვევებმა კვლავ იმატა და საჭირო გახდა ახალი რეგულაციების დაწესება.

დღეიდან, 23 ივლისიდან, ისრაელის "წითელი ქვეყნების" სიას ემატებიან: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია. 

კომენტარები