ჟურნალისტებზე ძალადობა

გომელაური: სირცხვილიას ოფისი არ დარბეულა, სადარბაზო იყო, ლაშქარავას ცემის ფაქტი სამწუხაროა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 5 ივლისს სირცხვილიას ოფისი არ დარბეულა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ ოფისში არაფერი დაზიანებულა. გომელაური ამბობს, რომ ადგილზე პოლიცია იყო, თუმცა საკმარისი არა, რომ 500 კაცი შეეჩერებინა. 

მინისტრის თქმით, სამწუხარო ფაქტი რაც მოხდა, ის იყო, რომ სადარბაზოში TV პირველის ოპერატორს სცემეს. 

"გაჟღერდა, რომ სირცხვილიას ოფისი დაარბიეს. ოფისი არ დარბეულა, საერთოდ არაფერი არ გაფუჭებულა იქ. ერთი იყო სადარბაზო., ესაა სადარბაზო. სადარბაზოში ცხოვრობს 20 ოჯახი, არის სხვადასხვა ოფისი. თვითონ სირცხვილიას ოფისში კართანაც კი არავინ მისულა. ერთი თემა იყო, სამწუხაროდ, რაც მოხდა, ლექსო ლაშქარავასი, სადარბაზოსთან მოხდა ეს ფაქტი, მისი ცემის ფაქტი, ეს ხალხი როცა მივიდა და იძალადეს ჟურნალისტებზე. სადარბაზოს კარები შეამტვრიეს, პოლიციაც მივიდა უკვე მაგ დროს. ჟურნალისტები გამოიყვანეს და მეორე სართულზე გააჩერეს ეს ხალხი. ეს ხალხი არ ასულან ზევით ოფისამდე".- ამბობს მინისტრი. 

კითხვაზე, რატომ არ იმოქმედა პოლიციამ და მოძალადეები მაშინვე არ დააკავა, გომელაური პასუხობს, რომ მთავარი მოქალაქის უსაფრთხოებაა და ამიტომაც პოლიციელებმა სიტუაციის დეესკალაცია მოახდინეს.

"რომ ვკითხე ამ ადამიანებს, რატომ შეატარეს, რატომ შეიხედა სადარბაზოში ამ მორგოშიამ თუ ვინც არის, თქვეს, რომ არ მიდიოდნენ უკან. არ ტოვებდნენ თემას.  აი, მანდ არიან, სადარბაზოში ჰყავთ დამალულები და ვუთხარი, აი, შეიხედეთ, არავინ არ არის და წადით ახლა. მოვიდნენ, ნახეს თემა და მოხდა ამათი უკან დაბრუნება".- ამბობს გომელაური. 


5 ივლისს მოძალადე პუტინისტებმა სირცხვილიას ოფისში შეჭრა სცადეს, დაარბიეს სადარბაზო და TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სასტიკად სცემეს. 

11 ივლისს, დედამ ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

16 ივლისს სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

გაჩხრიკეს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

პუტინისტმა მოძალადეებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმავე დღეს დატოვეს

 

კომენტარები