Reuters-ს ორი წყარო ნავთობინდუსტრიიდან უყვება, რომ უკრაინის იერიშებით გამოწვეული დეფიციტის გამო რუსეთმა საწვავის იმპორტი ინდოეთიდან დაიწყო.
სააგენტო წერს, რომ საწვავის დეფიციტი რუსეთის ყველა რეგიონში იგრძნობა - რიგ რეგიონებში დაწესებულია საწვავის ყიდვის ლიმიტები, ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია, ხოლო ბენზინის ფასმა რეკორდულად მოიმატა.
კრემლმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებთან კონტაქტშია და მისაღებ ფასად საწვავის იმპორტს განიხილავს.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და ინდოეთის ნავთობის სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ინდუსტრიის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ინდოეთიდან რუსეთში უკვე გაიგზავნა სულ მცირე 60 000 ტონა ბენზინი. მეორე წყაროს თქმით, გაიგზავნა ორი ტანკერი, თითოეულში 30 000-დან 40 000 ტონამდე ტვირთით.
მესამე წყაროს ცნობით, რუსეთი ყოველთვიურად სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მეზობელი ბელარუსიდან, დაახლოებით 400 000 ტონა ბენზინის იმპორტს გეგმავს. ბელარუსი უკვე აწვდის რუსეთს საწვავს.
ზაფხულში, როდესაც საწვავზე მოთხოვნა მაღალია, რუსეთში ბენზინის ყოველდღიური მოხმარება სულ მცირე 110 000 ტონას შეადგენს.
ამ ეტაპზე უცნობია, ინდოეთის რომელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია აწვდის რუსეთს ბენზინს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კვირას მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინული დრონების დარტყმებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტი გამოიწვია, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
Reuters-ის გამოთვლებითა და წყაროების ინფორმაციით, ივნისის პირველ ნახევარში ბელარუსიდან რუსეთში რკინიგზით მიწოდებული ბენზინის მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 70 000 ტონას გადააჭარბა, მაისის პირველ ნახევართან შედარებით.
გასულ კვირას რუსეთის პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც უკრაინული შეტევებით გამოწვეული საწვავის დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. ცვლილებები ასევე საწვავის იმპორტის სუბსიდირებას ითვალისწინებს, რომლის ოდენობაც ინდოეთიდან მიწოდების ხარჯებსა და ფასებზე იქნება მიბმული.
ამასთან, კომპანია LSEG-ისა და Kpler-ის გემების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, ივნისში ინდოეთის მიერ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ინდოელმა გადამამუშავებლებმა რუსული ნავთობის შესყიდვები გაზარდეს, რათა ჰორმუზის სრუტის დახურვით გამოწვეული მიწოდების შეფერხებების გავლენა შეემსუბუქებინათ.



