აიისას საქმე

გაჩეჩილაძე აიისაზე: ველოდი გამარჯვებას, ვაპირებ, რომ წარმოება სრული დატვირთვით ავამუშავო

სოფო აფციაური / ქალები საქართველოდან

აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ გამარჯვებას ელოდა.  აიისამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

გაჩეჩილაძე ტაბულას ეუბნება, რომ ორწელიწად-ნახევარს "მორალურად გამარჯვებულის შარავანდედით დადიოდა". მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ნაკლებად აქტიურობდა და ძირითადად საექსპორტო ბაზარზე მუშაობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი  გეგმავს, რომ წარმოება სრული დატვირთვით აამუშაოს. 

"ისე ვარ, თითქოს რაღაც ლოდი მოგეხსენება გულიდან და სრული დატვირთვით ვაპირებ, რომ ავამუშაო. როგორც კი გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა, ეგრევე მივხვდი, რომ გამარჯვება იქნებოდა. მთავარი იყო, რომ ეს ყველაფერი დროზე მომხდარიყო. ველოდი გამარჯვებას, თავიდანვე, პირველივე დღიდან, მორალურად და ყველანაირად გამარჯვებულის შარავანდედით ვმოძრაობდი მართლა".- ამბობს ანანია გაჩეჩილაძე და აღნიშნავს, რომ აიისას წინააღმდეგ სარჩელი საპატრიარქოს და მოძალადე ჯგუფების  გააქტიურებული აგრესიის წინაპირობა იყო. 

მისივე თქმით, კომპანიას კონკრეტული გეგემები აქვს, რომლის აღსრულებასაც, დიდი ხანია, ელოდება. 

"რა მიხარია? ჭეშმარიტება რაც არის, ის დადგინდა. ჩვენ ვართ ძაან უკან, თორე ის კი არა, რომ რამე კაი მოხდა".- ამბობს გაჩეჩილაძე. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

"სასამართლო იმეორებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი საფუძველია და არის ერთ-ერთი ელემენტარული პირობა მისი განვითარებისთვის და თვითრეალიზაციისთვის". – წერია გადაწყვეტილებაში.

ამას გარდა, გადაწყვეტილების 50-ე და 59-ე მუხლებში ნათქვამია, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოყენებული დიზაინის აკრძალვა არ ექვემდებარებოდა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით შეზღუდვას, რადგან საფრთხის წინაშე არ დგებოდა საზოგადოებრივი საჭიროებები.


2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

 

კომენტარები