სპორტი

კალაშნიკოვა: მივმართავ სპორტის საარბიტრაჟოს, საკუთარ ქვეყანაში სამართლიანობას ვერ ვპოულობ

popsport

ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა აპირებს, რომ სპორტის საარბიტრაჟო საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, რადგან, მისი თქმით, საქართველოში სამართლიანობა ვერ იპოვა. 

"გადავწყვიტე, ვცადო და მივმართო სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს, რადგან საკუთარ ქვეყანაში სამართლიანობას ვერ ვპოულობ. არ ვიცი, რა იქნება შედეგი, რადგან, ჯერჯერობით, არავის სურს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლობაზე". – წერს კალაშნიკოვა.

17 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ დაწერა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ქვეყნიდან განაცხადი არ გაგზავნილა.

"ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაგზავნილა. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა". – წერს კალაშნიკოვა Twitter-ზე.

18 ივლისს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთელ ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას გამოეხმაურა. ფედერაცია აღნიშნავს, რომ მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მიიღეს ლიცენზია, თუმცა, ამის მიუხედავად, ფედერაციამ ოლიმპიურ კომიტეტს ასევე მიაწოდა ლიცენზიანტების გაფართოებული სიაც და კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურებიც. ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაადგენს, რა მიზეზით ვერ მიიღეს სხვა ჩოგბურთელებმა ლიცენზია.

კომენტარები