სპორტი

ჩოგბურთის ფედერაცია კალაშნიკოვაზე: ვიმედოვნებთ, კომიტეტი დაადგენს რატომ ვერ მიიღო ლიცენზია 

popsport

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთელ ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას ეხმაურება. ფედერაცია აღნიშნავს, რომ მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მიიღეს ლიცენზია, თუმცა, ამის მიუხედავად, ფედერაციამ ოლიმპიურ კომიტეტს ასევე მიაწოდა ლიცენზიატების გაფართოებული სიაც და კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურებიც. ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაადგენს, რა მიზეზით ვერ მიიღეს სხვა ჩოგბურთელებმა ლიცენზია.

"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები". – ნათქვამია ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში. 

17 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ დაწერა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ქვეყნიდან განაცხადი არ გაგზავნილა.

"ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაგზავნილა. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა". – წერს კალაშნიკოვა Twitter-ზე.

კომენტარები