ოპერატორის გარდაცვალება

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც 10 ივლისს ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიყიდა

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისს დააკავეს 1987 წელს დაბადებული ფ.ა, რომელმაც, უწყების ცნობით, გარდაცვლილი ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 10 ივლისს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიყიდა

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან მიჰყიდა ტვ-პირველის ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას და მის თანმხლებ პირებს, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო". – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.   

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები