ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინს ცოლი, ჯორჯინა ჩეპმენი, ოფიციალურად გაეყარა

BBC

ინგლისელმა ფეშენ დიზაინერმა და მსახიობმა, ჯორჯინა ჩეპმენმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინთან განქორწინება ოფიციალურად დაასრულა. სასამართლო საქმეს ორი წლის განმავლობაში განიხილავდა.

ქმართან ურთიერთობა ჩეპმენმა 2017 წელს შეწყვიტა, როდესაც ვაინშტაინი ათობით ქალმა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. 2020 წლის 24 თებერვალს ნიუ-იორკის სასამართლომ პროდიუსერი გაუპატიურების საქმეზე დამნაშავედ სცნო და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2021 წლის 12 აპრილიდან ლოს-ანჯელესის სასამართლო ვაინშტაინის წინააღმდეგ შეტანილ კიდევ 11 სარჩელს განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პროდიუსერს, შესაძლოა, უვადო პატიმრობა შეეფარდოს. 

ჩეპმენს მეორეხარისხოვანი როლები აქვს შესრულებული ფილმებში – Match Point, Bride and Prejudice, Shanghai Knights, Derailed, Factory Girl. 2004 წელს კერენ კრეიგთან ერთად დააფუძნა მოდის სახლი Marchesa, 2006 წელს კომპანია Vogue Fashion Fund's-ის ათ ფინალისტში მოხვდა. 2012-2019 წლებში ჩეპმენი რეალითი შოუ Project Runway: All Stars-ის ჟიურის წევრი იყო.

ვაინშტაინმა და ჩეპმენმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყეს. წყვილს ორი შვილი - 10 წლის ინდია და 8 წლის დაშიელი ჰყავთ. 2018 წელს განქორწინების შეთანხმების საფუძველზე ჰოლივუდელი პროდიუსერისგან 15-დან 20 მილიონ დოლარამდე მიიღო. 2019 წლიდან ჩეპმენი მსახიობ ედრიენ ბროუდის ხვდება.

 

კომენტარები