შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ. ადგილზე პოლიციის კორდონი დახვდათ, სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს იცავენ.
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, უწყება მეორე დღეა "სავარაუდო ზედოზირებაზე" მიანიშნებს, 12 ივლისის საღამოს გამართულ ბრიფინგზე კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა. მისივე მტკიცებით, ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს იყიდა ფსიქოტროპული პრეპარატები, ნარკოტიკი და ერთჯერადი შპრიცები, მოხმარების შემდეგ კი, ორჯერ გახდა ცუდად.
TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან მეორე დღეა, აქციები იმართება. ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ.
TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.





