პრაიდის კვირეული

"აივანზე სტეკლოს დავეჯახე და ხელი გადამეჭრა" – ორკი, რომელმაც Tbilisi Pride-ის ოფისი დაარბია

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ორკი, რომელმაც 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ოფისი დაარბია, სასამართლო სხდომაზე ამბობს, რომ მათ მიმართ "არანაირი პრეტენზია" არ აქვს. მისივე სიტყვებით, აივანზე აძრომისას შუშას შეეჯახა და ხელი გადაიჭრა.

"უბრალოდ, ჩემი პოზიცია მინდოდა დამეფიქსირებინა "ელგებედე" ხალხის მიმართ. მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგათ მიმართ, უბრალოდ, დროშამ გამოიწვია აღელვების ის და ეგ იყო ჩემი დანაშაული, მეტი მე არაფერი ჩამიდენია. აივანზე რომ ავედი, კადრებშიც ჩანს, ინერციით სტეკლოს დავეჯახე და გადამეჭრა [ხელი] რომ შევედით, კუხნა იყო, ხელი გადავიბანე და ვცდილობდით კარებიდან გამოსვლას. იქიდან რომ ვერ გამოვედით, ისევ აივნიდან მოგვიხდა ჩამოსვლა. ეგ არის, მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ზედმეტად არავისთვის არ მიქნია, გარდა იმისა, რომ დროშა ჩამოვაგდეთ "ელგებედესი" და ქართული დროშა ავაფრიალეთ. 

რა ზარალიც მივაყენეთ, ვთვლი, უნდა ავანაზღაუროთ. არ ვთვლი კარგ საქციელად სხვის იმაში დაუკითხავად შეჭრას, მაგრამ თუ ეგ დანაშაულია, ავანაზღაურებთ მაგ იმას, რა ვიცი. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ". - ამბობს ის. 

ორკების აქციაზე Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევის გამო 3 ადამიანია დაკავებული - 1992 წელს დაბადებულ გ.ე., 1998 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.ა. და 1992 წელს დაბადებული გ.ო. მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა ედებათ. 

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები