პრაიდის კვირეული

დეგნანი: პრემიერის წამყვანი როლი ვერ დავინახეთ 5 ივლისს მოქალაქეების დასაცავად, სამწუხაროა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმედგაცრუებულია საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებით, რომლებმაც 5 ივლისის აქციაზე  არ გამოიყენეს შესაბამისი გამოცდილება და აღჭურვილობა მედიის წარმომადგენლების დასაცავად. 

"ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის. აშშ-მ დიდი ძალისხმევა ჩადო საქართველოს სამართალდამცავი ორგანoების გასაძლიერებლად, მათი შესაძლებლობების გასაზრდელად მასების კონტროლისთვის. ჩვენ ვართ იმედგაცრუებულები, რომ ეს წვრთნები და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ძალადობა გარდაუვალი იყო". - ამბობს კელი დეგნანი.

ამასთან ერთად, კელი დეგნანი იმედგაცრუებულია პრემიერმინისტრით, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა და წამყვანი როლის შეთავსება ძალადობის შესაჩერებლად.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ პრემიერმინისტრმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს  საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად. სამწუხაროა, რომ მისი ძლიერი როლი ვერ დავინახეთ". - ამბობს დეგნანი.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები