კანის კინოფესტივალი

კანის ჟიურის თავმჯდომარე, სპაიკ ლი, თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

Befunky

5 ივლისს კანის, რიგით 74-ე ფესტივალი დაიწყო. წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი, ოსკაროსანი სპაიკ ლია. ჟიურის წევრებს შორის არის ამერიკელი მსახიობი, ჯეიკ ჯილენჰოლის და, მეგი ჯილენჰოლი.

ღონისძიების გამხსნელ პრეს-კონფერენციაზე, მედიაპლატფორმა Movement-ის ჟურნალისტმა, ანანო ბაკურაძემ, თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი ქმედებების მოკლე მიმოხილვის შემდეგ, ჟიურის წევრებს შეფასება და გამოცდილების გაზიარება სთხოვა. 

კითხვას Do The Right Thing-ის რეჟისორმა ასე უპასუხა:

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ვფიქრობ, ერთადერთი არ ვარ, ვინც არ იცის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ სამყაროს განგსტერები მართავენ. "ნარინჯისფერი აგენტი"(რეჟისორმა დონალდ ტრამპი იგულისხმა), ის ბრაზილიელი ტიპი და პუტინი. ისინი განგსტერები არიან. აკეთებენ იმას, რაც სურთ. მათ არ გააჩნიათ მორალი, სინდისი და აკეთებენ იმას, რაც სურთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ავაზაკების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ვიცი, რომ ვმეორდები, მაგრამ აქ ერთადერთი არ ვარ, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცის. ახლა ჟურნალისტების ვალდებულებაა, სამყაროს მიაწვდინონ ხმა. თქვენ გაიგეთ ამბავი, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია და დაწერეთ. კანი მხოლოდ ფილმების კრიტიკა არ არის, თქვენ ავაზაკებიც უნდა აკრიტიკოთ". – ამბობს რეჟისორი.

"მინდა, ვიფიქრო თქვენს შეკითხვაზე. სიხარულით დაგელაპარაკებით უახლოეს დღეებში, რათა საკითხი უკეთ შევისწავლო". – დაამატა ჯილენჰოლმა.

სპაიკ ლი თანამედროვე ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორია. გადაღებული აქვს ფილმები Do The Right Thing, BlacKkKlansman, Da Five Bloods, 25th hout, Malcolm X, She Hate Me. თითქმის ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს ორი ოსკარი, მათ შორის ერთ საპატიო, კანის კინოფესტივალის 4 ჯილდო, ბერლინის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, ოქროს გლობუსის 5 ნომინაცია, BAFTA-ს 2 პრემია.

კანის 2021 წლის კინოფესტივალი 6 ივლისს დაიწყო და 17 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები