პრაიდის კვირეული

მეუფე იაკობი ჟურნალისტებზე ძალადობაზე: ალბათ, არ მოეწონათ გაშუქება, უნდა შეაყვაროთ თავი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პუტინისტური, ძალადობრივი აქციის მონაწილეების ქმედებებზე პასუხისმგებლობას ჟურნალისტებს აკისრებს. 

"ჟურნალისტებსაც და აქციის მონაწილეებსაც მოგიწოდებთ, რომ იყოთ წყნარად. რაც ხდება და რასაც ვუყურებ, თქვენ ეწევით პროპაგანდას ლგბტ პირების. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდეთ, მაგრამ მაინც ჩავატარებთო გადაწყვიტეს და გამოვიდა ხალხი. 

ერთი რამეა - ნუ უკეთებთ ხალხს ტერორს, თქვენ, ტელევიზიები. უკონტროლო არა მგონია, იყოს მდგომარეობა, ეტყობა არ მოეწონათ ჟურნალისტის გაშუქება, ისე იყავით, თავი შეაყვაროთ ხალხს".  – ამბობს იაკობი. 

პუტინისტურმა ჯგუფებმა ტაბულას ჟურნალისტს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე თავში კეტი ჩაარტყეს.  ისინი თავს დაესხნენ სხვა ჟურნალისტებსაც.


პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი 13:00 და 17:00 საათზე პარაკლისის გამართვას აპირებენ. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვებიც გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები