პრაიდის კვირეული

თაბაგარი საპატრიარქოზე: გვინახავს, როგორ იზრდება ვითომ მშვიდობიანი გამოსვლები ძალადობაში

TBILISI PRIDE-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი 5 ივლისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ პრაიდის კონტრაქციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი ვითომ მშვიდობიანი ღონისძიება, რომელიც წარსულშიც უნახავთ, როგორ გადაზრდილა ძალადობაში. 

მისივე თქმით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების ავტორებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. 

"საქართველოს საპატრიარქომ ვერ გაიაზრა ვერაფერი 2013 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ მოწოდებაში შეიძლება არაფერი ძალადობრივი არ არის, მაგრამ ჩვენ გვინახავს წარსულში, ასეთი ღონისძიებები როგორ გადაზრდილა შემდეგ ძალადობებში. 

ამ განცხადების დამწერ ადამიანებს და ინსტიტუციას არაფერი  აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. არ შეიძლება, რომ ისინი იდგნენ ამ სიტუაციაში ადამიანების ჩაგვრის და ჩაწიხვლის მხარეს. 

საპატრიარქოს სჩვევია ესე, რომ არასდროს იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელსაც აკეთებენ ხოლმე საპატრიარქოსთან დაკავშირებული ჯგუფები, ეს არის წინასწარდაგეგმილი ვითომ მშვიდობიანი ღონისძიება, რომელსაც ისინი გეგმავენ, რომ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ინსტიტუციებს აჩვენონ თავიანთი ძალა და ასევე, წარმოაჩინონ მორალური ძალისხმევა და წარმოჩნდნენ, როგორც მორალური ძალის მქონე ინსტიტუცია ამ ქვეყანაში". - ამბობს თაბაგარი. 


საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია.

"ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

კომენტარები