პრაიდის კვირეული

ვასაძე მოსკოვიდან ძალოვანებს მოუწოდებს მოძალადეების მხარეს გადავიდნენ

ტაბულა

ბიზნესმენი და პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე მოსკოვიდან, ბაკულევის სახელობის კლინიკიდან მიმართვას ავრცელებს და ძალოვანებს მოუწოდებს, გადავიდნენ მოძალადეების მხარეს.

"მინდა, მოვუწოდო ძალოვანებს, რომ ნუ ირცხვენენ თავს. ბიჭებო, არავითარი მუნდირი, პაგონი, ჯამაგირი და კარიერა არ გიღირთ, დამერწმუნეთ, იმად, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი სახეები სამუდამოდ რჩება ამ კადრებში და მერე თქვენივე შვილები, თქვენივე ბიჭები გკითხავენ - მამა, რას აკეთებ, შენ ე.წ. პიდარასტების აღლუმს იცავდი ქართველი ხალხისგან, ძალადობდი ჩვენ ხალხზე და ბოჭავდი მას? როგორ აუხსნით მათ თქვენ საქციელს და როგორი შვილები გაგეზრდებათ თქვენ მასეთ მორალში? და როგორ უნდა აღვუდგეთ ჩვენ აი, ამ სოდომიზაციას საქართველოში თუ თქვენ ასეთ საქციელს გააგრძელებთ?

მოგიწოდებთ, გადმოხვიდეთ ქართველი ხალხის მხარეს, თქვათ, რომ ვერ შეასრულებთ ამ ანტიტრადიციულ, უზნეო, უკანონო ბრძანებებს და დადგეთ იქ, სადაც თქვენი ხალხი დგას. ყველას, ვინც შუაშისტია, მინდა მოვახსენო, რომ შუა აღარ არსებობს, ან ხარ შენი ხალხის მხარეს, შენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, ზნეობის და წესის მხარეს, ან ხარ მისი ღალატის მხარეს. აირჩიეთ. აქ დუმილიც ღალატია. აქ ინტერნეტში სმაილიკების წერა და ტაშის სიმბოლოების გაგზავნაც ღალატია", - მიმართავს ვასაძე ძალოვანებს.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები