სასამართლო სისტემა

ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე: აუცილებელია, ყველა ჩვენი დაპირება შესრულდეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე ამბობს, რომ აუცილებელია, რომ მათ მიერ გაცემული ყველა დაპირება შესრულდეს. 

სალომე ზურაბიშვილს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მიღების  შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიღო თუ არა შეხვედრაზე რაიმე გზავნილი სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით.

"მე გზავნილებს არ ვღებულობ საერთოდ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართული ამ პროცესებში, აუცილებელია, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ამ პროცესის ბოლოში". - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე. 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს. 

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ის პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას არ დაესწრება. განცხადების მიხედვით, ლომჯარიამ გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გამო მიიღო. ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, პროცესში არ ჩაერთვება, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა. 

23 ივნისს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა. 

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა 28 ივნისს ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მოსამართლეები ყველას მოუწოდებენ, შეწყვიტონ "ანტისახელმწიფოებრივი" კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 27 ივნისს, მოსამართლეთა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე მოსამართლის აღქმაში არსებობს მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

'პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას".

აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები