სასამართლო სისტემა

გვრიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების ქმედებები შეუსაბამოა პრინციპებთან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, დიმიტრი გვირტიშვილის თქმით, რამდენიმე მოსამართლის აღქმაში არსებობს მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს. გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, რომლითაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

"დავაფიქსირეთ მოთხოვნა და მოწოდება ყველა სუბიექტის მიმართ, რომ შეწყვიტონ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა. ჩვენ კონკრეტული ორგანიზაციები და სუბიექტები განცხადებაში არ აგვისახავს, თუმცა შეხვედრაზე გამომსვლელი ზოგიერთი მოსამართლის მოსაზრებებში, მათ პოზიციებში გაიჟღერა ამგვარი სუბიექტების სახელებმა და გვარებმაც. საბოლოოდ, შემუშავებულ ტექსტში არ არის კონკრეტულად გამოყოფილი რომელიმე სუბიექტი.

რამდენიმე მოსამართლის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს. დასკვნით ნაწილში არის მზადყოფნა სასამართლო კორპუსისა, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ სუბიექტთან, ვისაც რეალურად სურს, გაჯანსაღდეს სისტემა და რეფორმების განხორციელება. ჩვენ წარსულშიც გვითანამშრომლია ამ კუთხით და მომავალშიც ვითანამშრომლებთ, ეს მზადყოფნა მოსამართლეთა კორპუსმა დღესაც დააფიქსირა". – თქვა გვრიტიშვლმა პირველი არხის ცნობით. 

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა გაიმართა. მოსამართლეების თქმით, შეხვედრაზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები