TDI-ის ანგარიში

სასულიერო პირებისგან გამოვლინდა ანტისემიტიზმი, საპატრიარქოს, ხელისუფლებას არ დაუგმიათ – TDI

რუსთავის ეპარქია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2020-2021 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან გამოვლინდა ანტისემიტიზმის არაერთი შემთხვევა. ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ანტისემიტური განცხადებები არც საქართველოს საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას კრიტიკულად არ შეუფასებიათ და არ დაუგმიათ. ამ განცხადებებს მოჰყვა გამოხმაურება დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. საეკლესიო ანტისემიტიზმის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშებშიც, რომელიც საქართველოს შეეხება. 

"2020 წლის 20 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში ქადაგებისას ანტისემიტური განცხადებები გააკეთა. მისი ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც, ებრაელი ერი კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო". – ნათქვამია ანგარიშში. 

TDI ხაზს უსვამს, რომ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ. ელჩმა საჯაროდ დაწერა, რომ მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიტროპოლიტის ქადაგებას მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა სასულიერო პირების ანტისემიტური განცხადებებიც მოჰყვა.

"საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, საეკლესიო ანტისემიტიზმს მკაცრი შეფასებები მოჰყვა დიპლომატებისა და ებრაული სათემო ორგანიზაციების მხრიდან. მაგალითად, საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სამი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ ქადაგება "სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია"; მიუთითა "რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტზე" და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, "რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები". – ნათქვამია ანგარიშში. 

კომენტარები