ევროკავშირმა სომხეთი, აზერბაიჯანი და კიდევ 9 ქვეყანა Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატა. კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიას ასევე დაემატა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი და საუდის არაბეთი.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება 30 ივნისს მიიღეს და ის ძალაში მომდევნო რამდენიმე დღეში შევა.
სიაში დამატებულ 11-ვე ქვეყანაში ბოლო პერიოდში Covid-19-ის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა დადასტურდა. მაგალითად, აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოსოვოში - 4, ბრუნეიში - 1.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია ეძლევათ, თანდათანობით მოხსნან შეზღუდვები უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესული სახელმწიფოებისთვის. ბოლო განახლებამდე სიაში 14 ქვეყანა იყო: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და აშშ. სიაში ასევე შედის ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონები ჰონგ-კონგი და მაკაუ.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ, ვიზიტორებს Covid-19-ზე უარყოფითი ტესტი მოსთხოვონ ან კარანტინი დაუწესონ.





