კორონავირუსი ევროპაში

ევროპის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი Covid-19-ისგან გამოჯანმრთელდა

დედა ანდრე
AFP

ევროპის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ფრანგი მონაზონი Covid-19-ისგან თავის 117-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოჯანმრთელდა. 11 თებერვალს მას 117 წელი შეუსრულდება.

ლუსილ რანდონს, რომელიც 1944 წელს, მონაზვნად აღკვეცის შემდეგ დედა ანდრე გახდა, კორონავირუსი 16 იანვარს დაუდასტურდა, თუმცა სიმპტომები არ გამოუვლინდა.

წმინდა კეტრინ ლაბურეს ხანდაზმულთა სახლის წარმომადგენლის თქმით, დედა ანდრეს ავადმყოფობის არ შეშინებია, თუმცა ხანდაზმულთა სახლის სხვა მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე ძალიან წუხდა. 

დედა ანდრე, გარდა იმისა, რომ ევროპის ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, ის ასევე მსოფლიოში მეორე ყველაზე დღეგრძელი ადამიანია.

ფრანგულ მედიასთან საუბარში დედა ანდრემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის არ შეშინებია, რადგან სიკვდილის არ ეშინია.

"არ შემშინებია, რადგან სიკვდილის არ მეშინია. მიხარია, რომ თქვენთან ვარ, მაგრამ მსურს, სხვაგან ვიყო – ჩემს უფროს ძმას, ბებიას და ბაბუას შევხდე". – თქვა მონაზონმა.

კომენტარები