კორონავირუსი ევროპაში

გერმანელმა პილოტმა ფრენის მარშრუტით ცაში შპრიცი გამოსახა

სამი კრამერი/ფრენის მარშუტით გამოსახული შპრიცი
Reuters/Instagram

გერმანელმა პილოტმა სამი კრამერმა 200 კილომეტრი იფრინა და თვითმფრინავის ტრაექტორიით ცაში შპრიცი გამოსახა. კრამერმა ასე ევროპაში COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესის დაწყება აღნიშნა.

20 წლის პილოტმა მარშრუტი GPS მოწყობილობის საშუალებით წინასწარ განსაზღვრა. ფრენის ტრაექტორია საიტ flightradar24-ზე გამოჩნდა.

"ბევრი ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას. ჩემმა მოქმედებამ შეიძლება შეახსენოთ, დაფიქრდნენ საკითზე... შეიძლება სიხარულის გამოხატვაც იყო, საავიაციო ინდუსტრიას პანდემიამ ძლიერად დაარტყა" - აღნიშნა სამი კრამერმა Reuters-თან საუბრისას.

ევროკავშირის 27 ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს დაიწყო. ევროპაში საყოველთაო ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით განხორციელდება. 

ევროპის სამედიცინო სააგენტომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებისთვის 21 დეკემბერს დაამტკიცა. ევროკავშირის ქვეყნების 446 მილიონი მოსახლის ვაქცინაცია რამდენიმე საათში დაიწყება და ის ეტაპობრივად მოიცავს კლინიკური ჯგუფების მიერ გაწერილ მოქალაქეთა სეგმენტებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის კორონავირუსით ინფიცირებული 335 000 პაციენტი გარდაიცვალა. სულ დაინფიცირდა 14 მილიონზე მეტი ადამიანი.

კომენტარები