პაბლო პიკასო

საბერძნეთის პოლიციამ პაბლო პიკასოს მოპარული ტილო აღმოაჩინა

პაბლო პიკასოს "ქალის თავი" და პიტ მონდრიანის "ქარის წისქვილი"

საბერძნეთის პოლიციამ 2012 წელს ათენის ნაციონალური გალერეიდან მოპარული პაბლო პიკასოს ტილო აღმოაჩინა.

BBC-ის ინფორმაციით, დაკავებულ 49 წლის ბერძენ მამაკაცს ბრალად ედება პიკასოს "ქალის თავის", პიტ მონდრიანის "ქარის წისქვილისა" და გუგლიელმო კაჩიას ნიმუშების მოპარვა და გადამალვა.  

ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა და პოლიციას ქურდობის ოპერაციის დეტალებიც გაუზიარა. წლების განმავლობაში ის მოპარულ ნიმუშებს საკუთარ სახლში ინახავდა და მათ გაყიდვას არ გეგმავდა.

საბერძნეთის კულტურის მინისტრის, ლინა მენდონის თქმით, მოპარული ნიმუშების გაყიდვა ან გამოფენა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან მათზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ პიკასომ ნამუშევარი ათენის ნაციონალურ გალერეას საჩუქრად თავადვე გადასცა და ის მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბერძენი ხალხის დაუმორჩილებლობის პატივსაცემადაა შექმნილი.

"ბერძენ ხალხს საჩუქარი პიკასოსგან" - მიწერილია ხელოვნების ნიმუშზე.

აღმოჩენილი ნიმუშები განახლებული თავდაცვის სისტემის მქონე ათენის ნაციონალურ გალერეას დაუბრუნდება.

კომენტარები