აშშ-საქართველო

აშშ-მ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი საამქრო გადასცა.

აღჭურვილობის მეშვეობით შესაძლებელია 300 თერაპიული და 50 მძიმე რეანიმაციული პაციენტის მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადით მომარაგება. გადაცემის ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კელი დეგნანის თქმით, აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.

"ამერიკულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა ჟანგბადის მწარმოებელი აღჭურვილობა, რომელიც წარმოადგენს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიდან, ევროპის სარდლობისგან დონაციას. აღნიშნული აღჭურვილობით შესაძლებელია მაღალი კონცენტრირების ჟანგბადის გამომუშავება, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავეხმაროთ პაციენტებს ამ რთულ დაავადებასთან გამკლავებაში. ეს გამიზნულია ინფიცირებული პირების სიცოცხლის გადასარჩენად და დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ". – აღნიშნა კელი დეგნანმა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის COVID 19-თან საბრძოლველად გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მოცულობამაც 2020-2021 წლებში $1 000 000 მეტი შეადგინა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამინისტროსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცა პირადი დაცვის საშუალებები და სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიეწოდა ულტრადაბალ ტემპერატურაზე მომუშავე საყინულეები ვაქცინების შენახვა/დასაწყობებისთვის.

კომენტარები