რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 9.5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ეროვნული ბანკის თანახმად, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ინფლაცია, რომელმაც მაისში წლიურად 7.7% შეადგინა და მოსალოდნელია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, რისი განმაპირობებელიც იქნება თბილისში გაზის ტარიფის ზრდა, ასევე, გლობალურად მზარდი ნავთობის ფასები საწვავის გაძვირებასა და, შედეგად, ინფლაციაში მისი წვლილის მატებას განაპირობებს, მაღალია იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენაც ინფლაციაზე.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5%-დან 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება 2021 წლის 28 აპრილს მიიღო, რის შედეგადაც იმ 124 700 მსესხებელს, რომელსაც სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე ჰქონდათ მიბმული, სესხი გაუძვირდათ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 4 აგვისტოს ჩატარდება.


მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია.

თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკი ამცირებს საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების მიზეზით დაიწყო. 

ეკონომიკური კრიზისის პირობებში საბაზისო განაკვეთის შემცირება პოპულარული ნაბიჯია, რადგან ბიზნესისა და საცალო სექტორის შედარებით იაფ და უწყვეტ დაკრედიტებას უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას სხვა ასპექტებიც გააჩნია, კერძოდ კი -  ინფლაცია. 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სებ-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. ამ პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი ინფლაციაზე დამატებით წნეხს ქმნის.

კომენტარები