რეფინანსირების განაკვეთი

რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდით 124 700 მსესხებელს სესხი გაუძვირდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ით განისაზღვრა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებლითაა განპირობებული, მარტში ინფლაცია 7.2% იყო, მიზნობრივ მაჩვენებელზე, 3%-ზე, 2.4-ჯერ მეტი.

ამ გადაწყვეტილებით, იმ მსესხებლებს, რომლებსაც სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხი გაუძვირდებათ. ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების მიმოხილვის თანახმად,  ასეთი საქართველოში დღეს 124 700 მსესხებელია, მათი კრედიტების ჯამური მოცულობა 7.4 მილიარდი ლარია. 

"2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7423.1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

124 700 ხელშეკრულებიდან 36 200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 983.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 13.14% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 56 300 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.83%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2736.7  მილიონი ლარია.

28 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 600-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3477.1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.02%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 2377.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.60%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.09%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.4 მილიონი ლარია.

1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 15.07%.

1 აპრილის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო  სესხებზე 14.61%-დან 15.07% -მდე ხოლო, შემცირებულია ავტო სესხზე - 15.86%-დან 14.09%-მდე". – წერია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

ორგანიზაციის აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და მონეტარული კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამითაა განპირობებული.

"მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის პრაქტიკული ჩავარდნა), ინფლაციის მიმდინარე (მარტის) მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა, სადაც უკვე სრულიად არის ასახული ფასების ზრდის ეფექტი, განსხვავებით წინა მაჩვენებლებისა, სადაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო ინფლაციაზე სრული დაწოლა არ აისახებოდა.

მიმდინარე მონაცემი საფუძველს იძლევა, რომ ინფლაციური პროცესების და შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების გაძლიერება გარდაუვალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო, ხოლო მარტში ლარი დოლართან მიმართებაში წინა თვესთან შედარებით 3.6%-ით გაუფასურდა. ინფლაციის საბაზო დონის ეფექტი (სუბსიდირების გამო) გაძლიერებული იქნება მთლიანი წლის მანძილზე, მონეტარული პოლიტიკის წინა სხდომაზე ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4.5%-ით განსაზღვრული, ხოლო მიმდინარე პროგნოზით 6.5% -ით განისაზღვრება". – წერია მიმოხილვაში.

კომენტარები