რეფინანსირების განაკვეთი

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25 პროცენტზე დატოვა. 

ეროვნული ბანკის ცნობით, მაისში ინფლაციის ზრდა მეტწილად ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა, რაც "ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული". ამავდროულად, სებ-ის განცხადებით, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს უკეთ ასახავენ, ბოლო პერიოდში მცირედით დაჩქარდა. კერძოდ, მაისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.5%, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.8% იყო.

"აღნიშნული მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთლიან ინფლაციას, თუმცა მათი დინამიკა მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკებს საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანი კორექცია მოხდა. აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ გაზრდილი ოპტიმიზმის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასები პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.

აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან თანხვედრაშია. კერძოდ, ცენტრალური სცენარი მოიაზრებდა, რომ ინფლაციაზე საგარეო შოკით გამოწვეული ზეწოლა ყველაზე ძლიერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იქნებოდა, რის შემდეგაც მისი გავლენა ეტაპობრივად შესუსტდებოდა. შესაბამისად, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს და 2026 წელს საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს" - წერია განცხადებაში.

სებ-ის შეფასებით, "გლობალურად გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რომლის ძირითად წყაროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შემდგომი განვითარება, ენერგორესურსების საერთაშორისო ფასების დინამიკა და ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ვადები წარმოადგენს". ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.

"მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გამწვავებას მოიაზრებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც ინფრასტუქტურის დამატებით დაზიანებასა და აღდგენის პერიოდის გადავადებას განაპირობებს. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ფასები უფრო მეტად გაიზრდება და მიწოდების ჯაჭვების რღვევა ფართომაშტაბიანი გახდება. შედეგად საქართველოშიც მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური შოკი გაძლიერდება, რაც მეორე რიგის ეფექტებს გაამწვავებს და საბოლოოდ ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალი იქნება.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. დაბალინფლაციური რისკის სცენარი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდო შეთანხმების შედეგად, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დაუყოვნებლივ სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში ენერგორესურსების ფასებზე არსებული წნეხი სწრაფად შემცირდება, რაც ადგილობრივ ინფლაციაზეც აისახება.

ამავდროულად, საქართველოს საგარეო პოზიცია კვლავ მყარ მდგომარეობას ინარჩუნებს. მიუხედავად ძლიერი საგარეო შოკისა, უცხოური ვალუტის შემოდინებები კვლავ ძლიერია და ქვეყნის სუვერენული რისკის პრემია დაბალ დონეზეა, რაც რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის სტაბილურობას განაპირობებს. ამასთან, გლობალურად აშშ დოლარის შედარებით სუსტი პოზიციის შენარჩუნებაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, იმპორტირებული საქონლის ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო დაბალი იქნება და შედეგად, მთლიანი ინფლაცია, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოს, სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება. სებ აქტიურად განაგრძობს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას" - წერს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 29 ივლისს გაიმართება.

2024 წლის მაისიდან რეფინანსირების განაკვეთს სებ 8%-ზე ინარჩუნებდა. 6 მაისის სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა.

კომენტარები