აშშ-საქართველო

აშშ: ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხებამ, შესაძლოა, დახმარების წინაპირობები გამოიწვიოს

აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია წარადგინეს.

როზოლუცია საქართველოს ყველა პარტიას მოუწოდებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება და ადასტურებს საქართველოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას აშშ-ს სენატის მიერ.

"სენატი –

1) მიესალმება საქართველოში პოლიტიკური პარტიების უმეტესობის გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერათ ევროკავშირისა და აშშ-ს მფარველობით მოლაპარაკებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებისთვის 

2) მოუწოდებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და სხვა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და მოუწოდებს ყველა პარტიას, კეთილსინდისიერად ითანამშრომლონ სხვა პარტიებთან, რათა სრულად შესრულდეს შეთანხმება

3)მოუწოდებს ყველა პარტიას და პარლამენტის არჩეულ წევრებს, დაყოვნების გარეშე დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის Covid-19-ის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკაზე, შემდგომ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებსა და გამოწვევებით სავსე რეგიონულ ურთიერთობებზე

4) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ქართული ოცნების კოალიციის თაოსნობით, დაიწყოს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებული იქნება დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. უზრუნველყოს, რომ [სასამართლო] არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის. სრულად იყოს მიღებული და გატარებული ვენეციის კომისიის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები

5) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების სრული მიღებითა და გატარებით, რათა გადაიჭრას პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და თავიდან იყოს აცილებული ასეთი კრიზისის გამეორება.

6) ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის სრული იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რომელიც უნდა დაინერგოს 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების წინ, რომელიც უნდა ჩატარდეს ისე, რომ წარმოადგენდეს წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული პროგრესისთვის, ხოლო ზედამხედველობა უნდა მოხდეს ძლიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.

7) აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, დათესოს ქაოსი საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არალეგალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

8) გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესის გაძლიერების შეფერხება შეანელებს მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების ასრულების და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე და შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსთვის აშშ-ს დახმარების მიღების წინაპირობების დაწესება

9) გამოხატავს მხარდაჭერას აშშ-ს მთავრობისთვის, მოიძიოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა გაზარდოს ვაჭრობა და ინვესტიციები აშშ-სა და საქართველოს შორის და გააუმჯობესოს ვაჭრობა და ინვესტიციები კავკასიის რეგიონში, იმ პირობით, რომ 19 აპრილის შეთანხმების ყველა კომპონენტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

10) ხაზს უსვამს, რომ აშშ საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას უჭერს მხარს,  მმართველი ინსტიტუციებით, რომლებიც აჩვენებს ინტეგრირებულობის და პროფესიონალიზმის, ძალაუფლების დანაწილების, კანონის წინაშე თანასწორი მოპყრობის, გამჭვირვალობის უნარს, დაძლიოს რუსული და სხვა ავი გავლენები და ასევე უნარს, მიაღწიოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს". –ვკითხულობთ რეზოლუციაში.

 

კომენტარები