მიანმარი

გაერომ მიანმარის სამხედრო გადატრიალება დაგმო, ხუნტასთან იარაღით ვაჭრობის შეწყვეტას ითხოვს

Reuters

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიანმარის სამხედრო გადატრიალებას გმობს. ორგანიზაციამ ასევე სამხედრო ხუნტასთან იარაღით ვაჭრობის შეწყვეტა და დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების, მათ შორს აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებაც მოითხოვა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 119 ქვეყანამ . რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ერთადერთმა სახელმწიფომ - ბელარუსმა მისცა. 36-მა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, მათ შორის ჩინეთმა და რუსეთმა. ჩინეთი და რუსეთი იარაღით ვაჭრობაში მიანმარის ყველაზე დიდი პარტნიორები არიან.

მათგან, ვინც რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო გადატრიალება და მის შემდეგ დაწყებული კრიზისი მიანმარის საშინაო საქმეა. ნაწილი კი ამბობს, რომ რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი ოთხი წლის წინ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩატარებულ დევნასა და ეთნიკურ წმენდაზე, რომელსაც თითქმის მილიონ ადამიანს ქვეყნის დატოვება აიძულა.

რეზოლუციაც იურიდიული ძალა არა აქვს, თუმცა პოლიტიკური მნიშვნელობისაა.

გაეროში ევროკავშირის ელჩის ოლოფ სკოოგის თქმით, რეზოლუცია სამხედრო ხუნტას არალეგიტიმურად ცნობს, გმობს ხუნტის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას და აჩვენებს, რომ ის მსოფლიოსგან იზოლირებულია.

გაეროში მიანმარის ელჩის, კიავ მოე ტუნის თქმით, იმედის გაცრუებას იწვევს ის, თუ რამდენი ხანი დასჭირდა გაეროს ამ გადაწყვეტილების მისაღებად. კიავ მოე ტუნი მიანმარის დემოკრატიული მთავრობის წარმომადგენელია.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 860 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 5 000-მდე ადამიანი.

სამხედრო ხუნტის საპასუხოდ 16 აპრილს აუნ სან სუჩის მხარდამჭერებმა მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობა ჩამოაყალიბეს. კაბინეტის წევრები არიან 2020 წლის არჩევნებში არჩეული კანონმდებლები, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გადატრიალების მოწინააღმდეგე პროტესტების ლიდერები. კაბინეტის წევრების უმეტესობა იმალება ან ქვეყნიდანაა გაქცეული.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესა.

კომენტარები