პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთი რუსეთს პოლიტიკოსებზე მიტანილ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

18 ივნისს პოლონეთის ვიცეპრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ რუსეთი პოლონელ პოლიტიკოსებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ბრალდებას ის მონაცემების სპეციალური სამსახურების მიერ გაანალიზებაზე დაყრდნობით აკეთებს. 

"ჩვენი სამსახურებისა და ჩვენი მოკავშირეების საიდუმლო სამსახურების ანალიზების შედეგად შეგვიძლია, ნათლად ვთქვათ, რომ თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან განხორციელდა. მისი ზომა და მასშტაბი დიდია". – თქვა კაჩინსკიმ.

"კიბერშეტევის მსხვერპლები გახდნენ პოლონეთის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ოფიციალური პირები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მინისტრები და დეპუტატები". – ამბობს პოლონეთის ვიცეპრემიერი.

ამ თვეში, რამდენიმე დღით ადრე, პოლონურმა მედიამ გაავრცელა ცნობა მთავრობის წარმომადგენლების ელექტრონული წერილების სოციალურ ქსელ ტელეგრამში განთავსების შესახებ. იყო ისეთი ელექტრონული წერილებიც, რომლებიც, პოლიტიკოსთა თქმით, ფაბრიკაცია იყო.

კაჩინსკის თქმით, თავდასხმის მიზანი იყო პოლონეთის დესტაბილიზაცია.

რუსეთს აქამდე ადანაშაულებდნენ აშშ-ს, უკრაინისა და საუდის არაბეთზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში, მაგრამ ბრალდებებს რუსეთი მუდამ უარყოფდა.

 

კომენტარები