დავითგარეჯის საქმე

ომბუდსმენი მელაშვილი-ილიჩოვაზე: შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან არასამართლებრივი მოტივი

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის შესახებ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მათი მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, რაც ჩვეულებრივ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქმეს, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი.

"ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პროცედურის დაწყება საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები არ ყოფილან პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, მათი საქმე პოლიტიკური განხილვისა და ურთიერთბრალდებების მთავარ საბაბად იქცა. სახალხო დამცველის მიერ საქმის მასალების და მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი, რამაც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერი მოტივი გადაწონა. ამ შეფასების გაკეთებისას საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით დადგენილ სტანდარტებს დაეყრდნო". - ნათქვამია ანგარიშში. 

ამავე საქმეში სახალხო დამცველმა ასევე დაადგინა ერთ-ერთი ბრალდებულის საპროცესო უფლების დარღვევა. კერძოდ, 2020 წლის 30 დეკემბერს, ივერი მელაშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, მინის გამყოფი ბარიერის მიღმა შეხვდა თავის ადვოკატს. ადვოკატთან კომუნიკაციის მიზანი იყო დაცვის სტრატეგიის საკითხების შეთანხმება. ბრალდებულმა ადვოკატის მიერ მიწოდებულ რუკებზე გააკეთა ჩანაწერები, ხოლო შემდგომ მათი ადვოკატისთვის გადაცემა მოითხოვა. ომბუდსმენის ცნობით, ამის ნაცვლად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ დოკუმენტაციას, მათ შორის, ივერი მელაშვილის ჩანაწერებსაც, და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს დოკუმენტების ჩაბარება. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულების მიერ ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები