ე.წ. ციანიდის საქმე

ადვოკატი: გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

თეონა თურმანიძე

იურისტი დავით ჯანდიერი წერს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო. 

"საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული.

მომჩივნის ოჯახის თხოვნით, ხვალ შევხვდები მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 საათზე, რის შემდეგად გავაკეთებ მედიისთვის კომენტარს. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ევროპული სასამართლოს გარდა ჩვენ ორისთვის იყო აქამდე ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნებოდა. ხვალ შესაძლებლობა მექნება ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე იხილოთ სასამართლოს ვებ გვერდზე". – წერს ჯანდიერი. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2019 წლის 31 იანვარს გაიგზავნა


დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ზის. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო და, ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები