დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ჯანდიერი: დეკანოზის სახელით სტრასბურგში საჩივარი შევიტანე, დეტალებზე ჯერ არ ვსაუბრობთ

ნეტგაზეთი

იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გუშინ გაგზავნა. 

ჯანდიერი წერს, რომ ის და დეკანოზი მამალაძე შეთანხმდნენ, რომ საჩივრის შინაარსზე და იმაზე, თუ რა მუხლებით არის საქმე გასაჩივრებული სტრასბურგის სასამართლოში, შემდგომ პროცედურებამდე არაფერს იტყვიან. 

"მესმის ინტერესი დიდია, რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას. დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ჩვენ ორისთვის არის ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნება. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ," - წერს დავით ჯანდიერი Facebook-ზე. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

კომენტარები