Tbilisi Pride

ვოლსკი პრაიდის კვირეულზე: ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ

ტაბულა

"ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ". – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი პრაიდის კვირეულსა და პუტინისტი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის სიტყვებს, რომ მის გასაუქმებლად ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს.

"ერთმანეთს შეგვიძლია ქმედება და განცხადებები დავუწუნოთ, მაგრამ ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ერთნაირი ვალდებულება, რათა სახელმწიფომ კანონი დაიცვას, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქე განსხვავებულობის მიუხედავად. ხელისუფლებას საკმაო რესურსი აქვს, ყოველგვარი არეულობა თავიდან აიცილოს.

სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ქვეყანას კიდევ ახალი გამოწვევა არ გაუჩნდეს. ბალანსი და სიწყნარეა საჭირო, რათა გადავრჩეთ, საკმაოდ რთული გამოწვევების ცენტრში მყოფი პატარა ქვეყანა თავისი სუსტი ეკონომიკით და ბევრი გამოწვევით, გნებავთ აგრესორის მხრიდან, გინდ რეგიონში არსებული პროცესების შემხედვარე, გინდ მსოფლიო დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე". – ამბობს გიორგი ვოლსკი, კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება. 

კომენტარები