კრიპტოვალუტა

მასკი: TESLA ბიტკოინის მიღებას განაგრძობს, თუკი მაინინგის 50% განახლებად ენერგიაზე გადავა

ილონ მასკი

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისი მიზანი ბაზრის მანიპულაცია და ფასების ვარდნით სარგებლობა არ ყოფილა. 

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბიტკოინის მაინინგის 50% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადაერთვება, მაშინ კომპანია Tesla კრიპტოვალუტას ანგარიშსწორების საშუალებად ისევ მიიღებს. 

მასკმა ასევე თქვა, რომ კომპანიის რეზერვში არსებული 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინიდან მხოლოდ 10% გაყიდეს, რაც გასული კვარტალის ანგარიშშიც იყო მითითებული. 

აღნიშნული ტრანზაქციის მიზეზად კომპანიის წარმომადგენლობამ ბიტკოინის ლიკვიდურობის დამტკიცება დაასახელა, რაც იმას გულისხმობს, რომ კრიპტოაქტივების გაყიდვა არავითარ სირთულესთან არაა დაკავშირებული და მისი დიდი რაოდენობით ბაზარზე გამოტანაც კი პრობლემას არ წარმოადგენს, სხვა ტიპის ფასიან ქაღალდებთან და აქტივებთან შედარებით.  

მას შემდეგ, რაც Tesla-მ ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღება შეწყვიტა, კრიტომარკეტის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 50%-ით დაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი მასკმა ბიტკოინის მაღალი ენერგომოხმარება და არაგანახლებად ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტრო სადგურები დაასახელა, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. 

ფასების ვარდნასთან ერთად გაჩნდა მოსაზრებაც, რომ Tesla-მ რეზერვში არსებული ბიტკოინის უდიდესი ან მთლიანი ნაწილი გაყიდა და კრიპტოვალუტის მხარდაჭერა შეწყვიტა, თუმცა მასკის უკანასკნელი ტვიტებიდან ირკვევა, რომ კომპანიას ბიტკოინი არ გაუყიდია, გარდა ზემოთ ხსენებული 10%-ისა. 

ტვიტის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბიტკოინის ფასი თითქმის 12%-ით გაიზარდა. 
 

კომენტარები