ავარია

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა

კადრი ვიდეოდან/ დიმიტრი ლორთქიფანიძე/FB

12 ივნისს კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 1, მე-3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ნიუ ჰოსპიტალის ექიმმა, ვახტანგ კალოიანმა დაადასტურა. მისივე თქმით, კლინიკაში მკურნალობას 2 პაციენტი აგრძელებს. 

"კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს კიდევ 2 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდათ ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 49 წლის 1 პაციენტი, რომელსაც ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება". – თქვა ექიმმა. 

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემთხვევის ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. 12 ივნისს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა კიდევ ერთი დაშავებული.  ​გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალთან გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები