ავარია

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კადრი ვიდეოდან/ დიმიტრი ლორთქიფანიძე/FB

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი, შემთხვევის შედეგად დაშავებული ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ნიუ ჰოსპიტალსის ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა დაადასტურა. 

"დაახლოებით ორი საათის წინ კლინიკაში ერთდროულად პოლიტრავმებით შემოიყვანეს ხუთი ადამიანი. აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა. ოთხ ადამიანზე ახლა აქტიური მუშაობა მიდის.

ერთი ბავშვია, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთის - საშუალო სიმძიმის". – თქვა რამიშვილმა.

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემთხვევის ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ​გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალთან გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები